ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ქართული ოცნების აქტივისტებს თავდასხმაში ადანაშაულებენ.
პარტიის წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ფორმულას უთხრა, რომ ინციდენტი სოფელ მარტყოფში მაშინ მოხდა, როცა ლეიბორისტების ახალგაზრდა აქტივისტები ფლაერებს არიგებდნენ და მოქალაქეებს ელაპარაკებოდნენ.
ქუმსიშვილის თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერმა 4-მა ადამიანმა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, სააგიტაციო მასალა გაუნადგურა და "გამოყარა სოფლიდან".
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რომ პარალელურად იმავე სოფელში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი საარჩევნო შეხვედრას მართავდა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ მომხდარზე.
"ხელისუფლების ზონდერები სოფელ მარტყოფში თავს დაესხნენ ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. აქტივისტებს წაართვეს, გაუნადგურეს სააგიტაციო მასალა.
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტზე და დაუყოვნებლივ დააკავონ თავდამსხმელები, მითუმეტეს იდენტიფიცირებულია თავდამსხმელთა ავტომობილების ნომრები.
KA-757-IA, LV-070-VL.
ასევე, მივმართავთ საერთაშორისო- სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირება მოახდინონ და ეს ფაქტები ასახონ სადამკვირვებლო დასკვნებში". - დაწერა მან ფეისბუქზე.